მოსწავლეთა შეფასება

მოსწავლის შეფასების მიზანი, პრინციპები და მიდგომები

  1. მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვასა და კონტროლს.
  2. მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება უნდა იყოს ხშირი და მრავალმხრივი; მან ხელი უნდა შეუწყოს: მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მათი შესაძლებლობების გამოვლენას, სხვადასხვა პოტენციალის მქონე მოსწავლეთათვის თანაბარი პირობების შექმნას.
  3. მოსწავლე უნდა შეფასდეს სხვადასხვა ფორმებით (ესსე, პროექტის მომზადება, ზეპირი გამოსვლა, ექსპერიმენტის ჩატარება, ცდის ჩატარება, წარმოდგენა, წერითი, ფერწერული ან სხვა ტიპის ნამუშევარი, არგუმენტირებული მსჯელობა და სხვ.).
  4. მოსწავლემ წინასწარ უნდა იცოდეს, რა კრიტერიუმებით ფასდება მისი სასწავლო აქტივობა.

აკადემიური მიღწევის დონეები და შეფასების სისტემა

  1. სკოლაში გამოიყენება ორი ტიპისშეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
  2. განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა
  3. განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის  განვითარების დინამიკას და ხელს უწყობსს წავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვებისფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ. 

                                  ქულები             შეფასების  დონეები

                                    10 -9                  მაღალი

                                     8 -7                   საშუალოზე მაღალი

                                     6-5                    საშუალო

                                     4-3                    საშუალოზე  დაბალი

                                     2-1                     დაბალი

მოსწავლე ფასდება ოფიციალური სტატუსის მქონე შემდეგი ნიშნებით:
•საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ნიშნები_მოსწავლის აკადემიური ცოდნისა და უნარის შეფასება;
•საგნის სემესტრული ნიშანი _ საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში;
•საგნის წლიური ნიშანი _ სემესტრული ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება საგანში საშუალო არითმეტიკულით;
•საერთო წლიური ნიშანი _ ნიშანი, რომელიც გამოხატავს ყველა საგნის შეფასებას ერთობლიობას;
•საერთო საფეხურის ნიშანი_ზოგადი განათლების თითოეული საფეხურის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საერთო შეფასება.

 

გაცდენები

  1. მოსწავლეთა გაცდენები აღირიცხება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალში, გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი. 
  2. თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების  30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.
  3. სკოლა ვალდებულია შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. 
  4. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო სასპორტო და სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე საერთაშორისო და ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში, სკოლის გაცდენის შემთხვევაში მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე.