რთველი 2019 სოფელ ველისციხეში

ოქტომბერი 07, 2019
რთველი 2019  სოფელ ველისციხეში

შაბათს, 5 ოქტომბერს, ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივის“ Xა კლასი ისტორიის პედაგოგთან და კლასის დამრიგებელთან, ნათია ჩუბინიძესთან, რუსული ენის პედაგოგ ლონდა ფარულავასთან და რამდენიმე მშობელთან ერთად გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ,,ნუმისის მარანს“ ეწვია. მოსწავლეებმა ინტერესით დაათვალიერეს XVI-XVII საუკუნის ქართული მარანი, რომელიც, სავარაუდოდ, თავად ჯანდიერს ეკუთვნოდა, მარანი დღეს ერთგვარ ეთნოგრაფიულ მუზეუმს წარმოადგენს, რომელშიც უამრავი საინტერესო ნივთია თავმოყრილი. მასპინძლებმა მოსწავლეებს აუხსნეს ქართული მარნის დანიშნულება, გააცნეს ის ნივთები, რომლებიც ღვინის დამზადებისთვის არის საჭირო, დაათვალიერებინეს 28 ქვევრი, რომლებიც მარნის მფლობელმა დიდი რუდუნებით მთელს საქართველოში მოაგროვა, ექსკურსია ინტერაქტიული იყო, საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამაში შედიოდა რთველი, ყურძნის საწნახელში დაწურვა, ჩურჩხელების მომზადება და თონეში პურის ჩაკვრა.
ექსკურსიის მიზანი ქართული ეთნოგრაფიული ყოფისა და ქართული მევენახეობა-მეღვინეობის დიდი ისტორიის გაცნობა გახლდათ. თანამედროვე ახალგაზრდები, რომლებსაც იშვიათად უწევთ ქართული სოფლის ყოფა-ცხოვრების გაცნობა, ინტერესით ჩაერთვნენ ყველა იმ საქმიანობაში, რაც მასპინძლებმა შესთავაზეს, ხალისით დაკრიფეს ყურძენი, თათარაში ამოავლეს ჩურჩხელები და ნახეს, რა კოლოსალური შრომა სჭირდება გემრიელი ქართული ,,დედას პურის“ მომზადებას.
ექსკურსიის შემდეგ თანაკლასელებს თათა მენთეშაშვილის ოჯახმა უმასპინძლა სულითა და გულით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ!
ექსკურსია ხალისიანი, საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, მეათეკლასელებს იგი დიდხანს ემახსოვრებათ.