სკოლა-ლიცეუმი ,,სხივი“ GWP-ს ჟიურის რჩეულია

ივლისი 08, 2018
სკოლა-ლიცეუმი ,,სხივი“ GWP-ს ჟიურის რჩეულია

შპს სკოლა-ლიცეუმი ,,სხივი“ 2017-2018 სასწავლო წელს 12 კაციანი გუნდით ჩაერთო კომპანია GWP-ს მიერ წარმოებულ სოციალურ კამპანია-ვიქტორინაში, რომლის სლოგანია ,,დაზოგე წყალი, გაუფრთხილდი გარემოს“, პროექტში ჩართულ გუნდებს კურატორებმა ჩაუტარეს ტრენინგები ვიქტორინები და ეკოტურები, სულ პროექტში მონაწილეობდა  74 სკოლის გუნდი, რომელთაგანაც მეორე ეტაპზე გადავიდა მხოლოდ 32, ბოლო ეტაპზე კი, ფინალისთვის იბრძოლა სულ 17-მა გუნდმა, რომელთა შორისაც სკოლა-ლიცეუმ ,,სხივის“ გუნდიც მოხვდა.
            8 ნოემბერს კამპანიის ფარგლებში GWP-ს წარმომადგენლებმა ტრენინგი ჩაუტარეს ჩვენი სკოლის გუნდს, რომლის წევრებიც არიან : მარიამ ჯიღაური (კაპიტანი), გიორგი ენდელაძე, შაკო ოთარაშვილი (XIკლასი), დავით მარგიანი, მარიამ ბაიაშვილი, ნინი ძიძიგური, დავით ჯიშკარიანი (Xკლასი ) სოფო თოდრია, საბა ურუმაშვილი, სანდრო ახვლედიანი, თეკლა გიორგიობიანი, ანა კევლიშვილი (IXკლასი) და ვიქტორინით შეაჯამეს, ჯერ-ჯერობით სულ ტრენინგი ჩატარებულია ოცამდე სკოლაში, რომელთა შორისაც დღევანდელი შედეგით ,,სხივმა“ საუკეთესო შედეგი აჩვენა და ვიქტორინის ოცი კითხვიდან ოცს სწორი პასუხი გასცა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.

ასევე მოსწავლეებმა მოინახულეს ღრმაღელის საფილტრე სადგური და ნახეს, როგორ მიეწოდება თბილისის მოსახლეობას გაფილტრული სასმელი წყალი.

მომდევნო ეტაპი მიზნად ისახავდა მოსახლეობის ფართო მასების ინფორმირებას წყლის დაზოგვასთან დაკავშირებით, რასაც ასევე წარმატებით გაართვეს თავი ,,სხივის“ მოსწავლეებმა, ბოლო ეტაპზე კი მზიურში ჩატარდა შეჯიბრი, რომელშიდაც მოსწავლეთა საზრიანობა და ფიზიკური მომზადება მოწმდებოდა.

საბოლოოდ გუნდის კაპიტნებმა მოამზადეს პრეზენტაციები, რომელშიც დაწვრილებით აღწერეს გარემოს დაცვასა და წყლის დაზოგვასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში სულ ოთხი საპრიზო ადგილი თამაშდებოდა, პირველი, მეორე, მესამე ადგილები და ჟიურის რჩეული.

ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ ,,სხივის“ მოსწავლეები მოუთმენლად ელოდნენ შედეგს.

საპრიზო ადგილები GWP-მ 7 ივლისს გამოაცხადდა. სკოლა-ლიცეუმ ,,სხივის“ გუნდმა ჟიურის რჩეულის ტიტული მოიპოვა და დაჯილდოვდა ,,ისტ-პოინტის“ ვაუჩერებით, რომელშიც ბოულინგი, ვიზიტი კინოთეატრში და ლანჩი შედის.

74 გუნდიდან ჟიურის რჩეულის ტიტულის მოპოვება და საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა დიდი წარმატებაა. მოსწავლეებისათვის პროექტში მონაწილეობა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა, მათ დიდი გამოცდილება მიიღეს გარემოს დაცვაზე ზრუნვის საქმეში, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი პლანეტისთვის,  შეიძინეს გარემოს დაცვითი უნარ-ჩვევები და ფასდაუდებელი ცოდნა მიიღეს  წყლის დაზოგვის შესახებ, ასევე პროექტმა ხელი შეუწყო ბავშვების სოციალიზაციას, პროექტში მონაწილეობისას მათ უამრავი ახალი მეგობარი შეიძინეს.

ვფიქრობ, ასეთ პროექტებში მონაწილეობა მოზარდებისთვის აუცილებელი და სასარგებლოა.

პროექტის კურატორი ნათია ჩუბინიძე