წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

February 02, 2018
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

,,წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“  ცნობილი ღონისძიებაა, რომელიც დაახლოებით 100 ქვეყანაში  იმართება და მასში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონს აღწევს.

დღეს საქართველოში პრიორიტეტულია წიგნიერების განვითარება მოზარდებში, შესაბამისად, სკოლა-ლიცეუმ ,,სხივის“ ქართული ენისა და ლიტერატურისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ (კათედრის გამგე ნესტან როდონაია) გადაწყვიტა, დღევანდელი დღე აუცილებლად აღენიშნა.

სამიზნე აუდიტორიად შეირჩა X-XI კლასები

პედაგოგებმა, ნათია ჩუბინიძემ (ისტორია) და ლია მამულაშვილმა (ქართული ენა და ლიტერატურა) გადაწყვიტეს, მოზარდებისთვის გაეცნოთ ნობელიანტი ბრიტანელი მწერალი და პოეტი, რადიარდ კიპლინგი, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიო ლიტერატურაში ნაწარმოებებით ,,ჯუნგლების წიგნი“და ,,კიმი“, თუმცა ასევე ავტორია უამრავი ლექსისა და მოთხრობის, რომლებმაც ძალიან დიდი კვალი დატოვეს მილიონობით მკითხველში.

ღონისძიება მწერლის ბიოგრაფიის გაცნობით დაიწყო, წასაკითხად კი მისი ორი მოთხრობა, ,,მუჰამედ დინის ამბავი“ (მთარგმნელი ნათია ჩუბინიძე) და ,,ლისპეტი“ (მთარგმნელი ედიშერ გიორგაძე) შეირჩა.

მოსწავლეებმა რიგ-რიგობით წაიკითხეს მოთხრობები თანატოლების წინაშე. წაკითხვის შემდეგ კი მოეწყო ნაწარმოებების განხილვა. ღონისძიებამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.

დასასრულს X-XI კლასების მოსწავლეებს დაევალათ, წაკითხულ მოთხრობებზე მოემზადებინათ პროექტები, რომლებშიც მიმოიხილავდნენ ნაწარმოებებს და გამოხატავდნენ თავიანთ დამოკიდებულებას მათ მიმართ.

პედაგოგები მხოლოდ ამ ორი კლასით არ დაკმაყოფილდნენ, თითო მოთხრობა წაიკითხეს VIII და IX კლასებშიც, რა თქმა უნდა, აქაც მოეწყო განხილვა და ბავშვებს საშუალება მიეცათ, გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება ავტორისა და ნაწარმოებების მიმართ.

ღონისძიების მიზანი გახლდათ ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლება, დაინტერესება და მსოფლიო ლიტერატურის კორიფეების გაცნობა.

იმედს გამოვთქვამთ, დღეიდან მეტი ,,სხიველი“ დაინტერესდება კითხვით და ფეხს შედგამს ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში.